სოციალური გავლენა და ფინანსური სარგებელი - რატომ ხდება გავლენის ინვესტირება მომავლის სტრატეგია

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

გავლენის ინვესტირება (Impact Investing) გლობალურად მზარდი ფინანსური სტრატეგიაა, რომელიც ფინანსურ მოგებასთან ერთად, დადებითი სოციალური და გარემოსდაცვითი ცვლილებების მიღწევას ისახავს მიზნად. გავლენის ინვესტირების გლობალური ბაზარი Global Impact Investing-ის (GIIN) 2024 წლის მონაცემებით, 1.57 ტრილიონ დოლარს აღწევს და ბოლო ხუთი წლის განმავლობაში 21%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ზრდის ტენდენცია ევროპაშიც თვალსაჩინოა, სადაც სექტორის მოცულობას Impact Europe აფასებს. მიუხედავად იმისა, რომ ის GIIN-სგან განსხვავებით, სტატისტიკაში არ ითვალისწინებს მაგალითად, საფონდო ბირჟებზე განთავსებულ კაპიტალს, Impact Europe-ის ანგარიშის მიხედვით, გავლენის ინვესტირების ევროპული ბაზარი ბოლო ორ წელიწადში გაორმაგდა და 190 მილიარდ ევროს მიაღწია, რაც ამ მიდგომის მზარდ პოპულარობაზე მიუთითებს.

გავლენის ინვესტირებისადმი ინტერესი არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური სარგებლით - სოციალური და ეკოლოგიური პრობლემების გადაწყვეტაში ინვესტორების როლი მნიშვნელოვნად იზრდება. თუ ადრე ეს საკითხები მთავრობისა და ფილანთროპების საქმე იყო, ახლა ფინანსური და მდგრადი განვითარებისთვის მიმართული ინვესტიციები ერთგვარად ახალ მიმართულებას იღებს და ხელს უწყობს მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) მიღწევას. რაც ინვესტორებს შესაძლებლობას უქმნის ფინანსური სარგებლის პარალელურად, დადებითი სოციალური გავლენაც მოახდინონ საზოგადოებაზე.

ინვესტირების სფეროები და ტენდენციები

2024 წლის GIIN-ის მიხედვით, ინვესტორები ყველაზე ხშირად კონცენტრირდებიან ეკონომიკურ ზრდაზე, სოციალური უთანასწორობის შემცირებასა და კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაზე. ეს ტენდენცია ცვლის ფინანსური სექტორის ლანდშაფტს და აჩვენებს, რომ ბიზნესს შეუძლია იყოს ერთდროულად მომგებიანი და სოციალურად პასუხისმგებლობიანი. გავლენის ინვესტორები მიზანმიმართულად აფინანსებენ იმ ორგანიზაციებსა და საწარმოებს, რომლებიც სიღარიბის შემცირებას, კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლას, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობას, განათლების ხარისხის გაუმჯობესებას ემსახურებიან. ტრადიციული ინვესტირებისგან განსხვავებით, ეს მიდგომა არ შემოიფარგლება მხოლოდ ფინანსური მოგებით - აქ მთავარი აქცენტი მდგრად და გაზომვად სოციალურ გავლენაზე კეთდება.

ვინ არიან გავლენის ინვესტორები და რა ტიპის ცვლილებებს უწყობენ ხელს

გავლენის ინვესტორები შეიძლება იყვნენ როგორც ინდივიდუალური პირები, ასევე ბიზნესკომპანიები და კორპორაციები, ბანკები და საფინანსო ინსტიტუტები, საჯარო უწყებები და საპენსიო ფონდები. გავლენის ინვესტირებისთვის ისინი ხშირად იყენებენ გავლენის ფონდებს, რომლებიც მიღებული ფინანსური რესურსებით სოციალური საწარმოებისა და სოციალური მიზნის მქონე ბიზნესების მხარდაჭერას უზრუნველყოფენ.

სოციალურ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება მოიაზრებს სოციალური საწარმოების არამარტო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას, არამედ ტექნიკურ დახმარებას და გრძელვადიან მხარდაჭერას ორგანიზაციული განვითარების, ადამიანური კაპიტალის გაძლიერებისა და მიღწეული დადებითი სოციალური გავლენის გაზომვის მიმართულებით, რაც მხარდაჭერილ საწარმოებს ზრდასა და განვითარებაში ეხმარება. ეს მიდგომა დადებითი ცვლილებების ერთიან ჯაჭვს ქმნის, სადაც:

  • ინვესტორები, საკუთარ კაპიტალს განსხვავებულად იყენებენ და პოზიტიურ ცვლილებებს უწყობენ ხელს.
  • სოციალური მეწარმეები, მიზნობრივი თემისთვის საჭირო ინოვაციურ მიდგომებს ნერგავენ და სხვადასხვა ტიპის გამოწვევის დასაძლევად მდგრადი გადაწყვეტები შემოაქვთ.
  • ადამიანების ცხოვრების ხარისხი, ამ ინვესტიციების შედეგად, საგრძნობლად უმჯობესდება.

ინვესტირების ეს სტრატეგია, რომელიც 1990-იან წლებში ამერიკაში ვენჩურული ფილანთროპიის (Venture Philanthropy) სახელით ჩამოყალიბდა, შემდგომ დიდ ბრიტანეთსა და კონტინენტურ ევროპაში განვითარდა, 2022 წლიდან საქართველოშიც აქტიურად მკვიდრდება.

"აქციო" - პირველი გავლენის ფონდი საქართველოში

საქართველოში პირველი გავლენის ფონდი "აქციო" 2022 წელს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) მიერ დაფუძნდა. ფონდი პირველია ამიერკავკასიაშიც და მისი მისიაა სოციალური ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა საქართველოში სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის გზით. "აქციო" მხარს უჭერს მოქმედ სოციალურ საწარმოებს ბიზნესის გაფართოებასა და სოციალური გავლენის ზრდაში. გავლენის ფონდის შექმნის იდეა CSRDG-ის გამოცდილებიდან წამოვიდა, რომელიც სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარების მიმართულებით მრავალწლიან მუშაობას უკავშირდება.

"აქციო" წარმოადგენს გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირების ფონდს, რომელიც სოციალური საწარმოების განვითარებას, გავლენის ინვესტირების წახალისებასა და მის პოპულარიზაციას ემსახურება. ფონდის გუნდი დარწმუნებულია, რომ გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი მექანიზმია.

ქრისტინე კანდელაკი, გავლენის ფონდ "აქციოს" ფონდის მენეჯერი, განმარტავს: "გავლენაზე ორიენტირებული ინვესტირება ინვესტორებს, ფინანსურ უკუგებასთან ერთად, საშუალებას აძლევს, გახდნენ დადებითი ცვლილებების შემქმნელები. ეს გულისხმობს არა მხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ სოციალური შედეგების მიღწევას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს საზოგადოების სხვადასხვა სექტორზე. ეს ინვესტორებს საშუალებას აძლევს, პოზიტიური ცვლილებების ნაწილი გახდნენ."

"აქციო" ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა, პროექტის "თანამშრომლობა დადებითი ცვლილებებისთვის" ფარგლებში. პირველადი დაფინანსება ევროკავშირმა განახორციელა, თუმცა ფონდის ერთ-ერთი მიზანი ადგილობრივი ინვესტორების ჩართულობის ზრდაა.

დღეს, ფონდის ძირითადი საერთაშორისო პარტნიორები არიან ევროკავშირი და Impact Europe. აქციოს მხარდამჭერებს შორის არიან, ასევე, ქართველი და უცხოელი ინდივიდუალური ინვესტორები.

ინვესტირება სოციალური ცვლილებებისთვის: MBC, პირველი გავლენის ინვესტორი კომპანია საქართველოში

გავლენის ინვესტირება მძლავრ ინსტრუმენტად ყალიბდება სოციალური და გარემოსდაცვითი გამოწვევების გადასაჭრელად საქართველოშიც, რაც ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, შექმნან მდგრადი ცვლილებები და ამავდროულად, მიიღონ ფინანსური უკუგება - მოახდინონ გრძელვადიანი სოციალური ცვლილებების სტიმულირება და ამასთანავე, გააძლიერონ საკუთარი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიები. "ემბისის" საოპერაციო დირექტორის, ეთო ჩაჩიბაიას განცხადებით, ეს მიდგომა საქართველოში ახალ ეტაპზე გადადის და MBC გახდა პირველი კომპანია, რომელმაც გავლენის ფონდ "აქციოს" მხარდამჭერის როლი აიღო.

როგორც ეთო ჩაჩიბაია განმარტავს, "გავლენის ფონდში ინვესტირება ჩვენი კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიიდან გამომდინარეობს. ეს არის ჩვენი მცდელობა, მხარი დავუჭიროთ სოციალურ საწარმოებს და ხელი შევუწყოთ მათ მდგრად განვითარებას."

MBC წლების განმავლობაში სხვადასხვა ფორმით ეხმარებოდა სოციალურ საწარმოებს. მათ შორისაა პრო ბონო სერვისები – კონსულტაციები, ტრენინგები და ექსპერტული დახმარება, რომელიც მოიცავს ფინანსების, მარკეტინგისა და გაყიდვების საკითხებს. ფონდის საშუალებით კი კომპანიას შესაძლებლობა მიეცა, თავისი მხარდაჭერა კიდევ უფრო ეფექტიანი და კომპლექსური გაეხადა.

"ჩვენი მიზანია, გადავიდეთ ერთჯერადი და მოკლევადიანი მიდგომებიდან გრძელვადიან და სტაბილურ მხარდაჭერაზე. ეს გულისხმობს როგორც ფინანსურ, ასევე არაფინანსურ დახმარებას," - აღნიშნავს MBC-ის საოპერაციო დირექტორი, ეთო ჩაჩიბაია.

გავლენის ინვესტირება მრავალი ასპექტით განსხვავდება ტრადიციული ფინანსური ინვესტირებისგან. როგორც ეთო ჩაჩიბაია აღნიშნავს, "ჩვენთვის პროექტის დაფინანსება არ იყო ფინანსური სარგებლის მოლოდინი, არამედ იმაზე მნიშვნელოვანი – სოციალური გავლენის შექმნა."

"როდესაც ინვესტორი ხედავს გამჭვირვალე ანგარიშგებას და საწარმოების პროგრესს, ეს არწმუნებს მას, რომ მისი მხარდაჭერა რეალურ შედეგებს მოიტანს," - განმარტავს ეთო. მისი თქმით, ფონდის მენეჯმენტის მრავალწლიანი გამოცდილება და სოციალური საწარმოების საქმიანობის სიღრმისეული ცოდნა მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო MBC-სთვის ამ გადაწყვეტილების მიღებისას.

როგორც ეთო ჩაჩიბაია აცხადებს, ფონდის მიზნები სრულად შეესაბამება MBC-ის ღირებულებებს: "ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს, რომლებიც მიმართულია ქალთა და ახალგაზრდების გაძლიერებაზე, ფინანსური განათლების ხელშეწყობაზე და სოციალური საწარმოების მხარდაჭერაზე, რაც თანხვედრაშია 'აქციოს' ხედვებთანაც და საშუალებას გვაძლევს გავზარდოთ ჩვენი ზეგავლენა."

რა შედეგები აქვს გავლენაზე ორიენტირებულ ინვესტირებას საქართველოში?

გავლენის ფონდი "აქციო" მხარს უჭერს მოქმედი სოციალური საწარმოების გაძლიერებას, რომელთა სოციალური მისია მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: მოწყვლადი ჯგუფების დასაქმებისა და განათლების ხელშეწყობა, გარემოს დაცვა და კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება. აქციოს ინვესტიცია სოციალურ საწარმოებში ხორციელდება ისეთი ფინანსური ინსტრუმენტებით როგორებიცაა გრანტი და უპროცენტო სესხი. ამასთანავე, ფინანსურ მხარდაჭერას აუცილებლად თან ახლავს ტექნიკური დახმარება, გავლენის შეფასება და მართვა.

ფონდის 2024 წლის ანგარიშის მიხედვით, "აქციოს" მობილიზებული აქვს 1 200 000 ლარი და მათგან 500 000 ლარამდე უკვე ინვესტირებულია მის პორტფელში მყოფ 4 სოციალურ საწარმოში, როგორიცაა ბაბალე, ტენე, ჩემპი და ისტორიალი.

როგორც ანგარიშიდანვე ხდება ცნობილი, "აქციოს" მხარდაჭერილი საწარმოები უკვე აჩვენებენ დიდ წარმატებას - ეს კი იმის ფონზე, რომ ფონდთან მათი თანამშრომლობა დაახლოებით 1 წელია დაიწყო და პორტფელის წევრმა საწარმოებმა ამ პერიოდში განავითარეს წარმოება, შექმნეს სრულიად ახალი პროდუქტი და მომსახურება, ასევე, გაამრავალფეროვნეს არსებული შეთავაზებები. ბიზნეს საქმიანობის განვითარება კი მათ სოციალურ და გარემოსდაცვით შედეგებზე დადებითად აისახა:

"ბაბალეს" მისიაა დაუნის სინდრომის მქონე (დსმ) პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის, დასაქმებისა და პროფესიული უნარების განვითარების უზრუნველყოფა. "აქციოს" ფინანსური მხარდაჭერით, ბაბალემ გააფართოვა საქმიანობის მასშტაბი, გააუმჯობესა საწარმოს მართვის პროცესები, გაამრავალფეროვნა არსებული პროდუქტი და განავითარა სრულიად ახალი პროდუქცია (კერამიკის ხაზი) და მომსახურება. შედეგად, სოციალური საწარმოს წლიური შემოსავალი 24%-ით გაიზარდა. ასევე, პირველად საქართველოში, "ბაბალემ" შეიმუშავა დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების "პროფორიენტაციისა და კარიერული მხარდაჭერის" ოთხსაფეხურიანი პროგრამა. პროგრამამ შესაძლებლობა მისცა საწარმოს, რომ კომპლექსურად და გეგმაზომიერად დაეწყო ისეთი სოციალური შედეგების მიღწევისკენ სვლა, როგორებიცაა: დაუნის სინდრომის მქონე ახალგაზრდების პროფესიული განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა.

"ისტორიალის" მისიაა ქართული კულტურის მატერიალური და არამატერიალური მემკვიდრეობის სექტორის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. სოციალური საწარმო სამკაულის, დეკორატიული და სასაჩუქრე პროდუქციის შექმნით, საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას აცნობს, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ადამიანებს. "აქციოს" ფინანსური მხარდაჭერით, "ისტორიალმა" განაახლა საიუველირო სახელოსნო, რაც საწარმოს შესაძლებლობას აძლევს გაზარდოს ლითონის ნაკეთობების ადგილზე წარმოება და ხელი შეუწყოს ოსტატების პროფესიულ განათლებასა და გაძლიერებას. საანგარიშო პერიოდში, "ისტორიალმა" ასევე გაამრავალფეროვნა პროდუქცია, შექმნა ორი ახალი საკოლექციო ხაზი, განაახლა ნაკეთობების ექსპორტზე გატანის შესაძლებლობების მოსინჯვა და ამასთანავე, სამიზნე ჯგუფებისთვის დაამატა თემატური მასტერკლასების ახალი მომსახურება.

"ჩემპი" ზრუნავს გორის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებაზე და ინოვაციური ჯანსაღი სასუსნავების, ვაშლის ჩიფსების, წარმოებით ხელს უწყობს, ერთი მხრივ, სოფელ დიცში და მიმდებარედ მცხოვრები ქალების დასაქმებას, ხოლო, მეორე მხრივ, ადგილობრივი პროდუქციის შესყიდვით, ფერმერული მეურნეობის და მათ შორის, უნარჩენო წარმოების განვითარებას. "აქციოს" მხარდაჭერით, სოციალურმა საწარმომ ახალი დანადგარები შეიძინა, რომლის შედეგადაც "ჩემპის" წლიური წარმადობა 2.5-ჯერ გაიზარდა. საწარმომ, ასევე, განაახლა პროდუქციის ექსპორტი აშშ-ში.

"ტენე" პირველი, ქართული, USB კაბელის ეკომეგობრული საწარმოა და მიზნად გარემოს პლასტმასით დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლას და გარემოსდაცვით საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას ისახავს. "აქციოს" მხარდაჭერით შეძენილი სატრანსპორტო საშუალებითა და ტექნიკით, სოციალური საწარმო აფართოებს პლასტმასას ჩაბარების პუნქტების მოწყობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. საანგარიშო პერიოდში, "ტენემ" ყოველთვიურად შეგროვებული პლასტმასას რაოდენობა 2-ჯერ გაზარდა. ასევე, 2000-დან 5300-მდე გაიზარდა ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ახარისხებენ და აბარებენ პლასტმასას, ხოლო 200-დან 350-მდე - სკოლებსა და ორგანიზაციებში განთავსებული მწვანე ყუთების რაოდენობა. "ტენე" წეროვანში მდებარე ქარხანაში ასაქმებს რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომით დაზარალებულ, იძულებით გადაადგილებულ პირებს და გარემოსდაცვით შედეგებთან ერთად, ხელს უწყობს მოწყვლადი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებას.

"აქციო" აქტიურად აგრძელებს მუშაობას სოციალური საწარმოების მხარდაჭერისა და მათი გავლენის გაზრდის მიმართულებით. ქრისტინე კანდელაკის თქმით, ფონდის უახლოესი გეგმები მოიცავს როგორც პორტფელის გაფართოებას, ისე ახალი ფინანსური ინსტრუმენტების შექმნას. მისივე სიტყვებით, მიმდინარე წელს აქციოს პორტფელის წევრები გახდნენ სოციალური საწარმოები "დედიკო" და "დადარი" და ფონდის მხარდაჭერით, მათ შესაძლებლობა ექნებათ გააფართოონ წარმოება, განავითარონ ახალი პროდუქციის ხაზები, აითვისონ ახალი გაყიდვები არხები. "აქციოსთან" პარტნიორობის შედეგად ხის, ეკომეგობრული სათამაშოების საწარმო "დადარი" 25-მდე შშმ და იძულებით გადაადგილებული პირს შესთავაზებს პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმებას. სამკერვალო საწარმო "დედიკო" კი შექმნის 20-მდე სამუშაო ადგილს მარტოხელა დედებისა და ოჯახში მყოფ ხანდაზმულებზე მზრუნველი ქალებისთვის.

"აქციო" ასევე გეგმავს მინიმუმ ოთხი ახალი სოციალური საწარმოს დამატებას უახლოეს პერიოდში. ახალი საწარმოები ჩაერთვებიან ფონდის მიერ შემუშავებულ ფინანსურ და ტექნიკურ მხარდაჭერის პროგრამებში, რაც მათ საქმიანობასა და სოციალურ გავლენას კიდევ უფრო გააძლიერებს.

"ევროპასა და მსოფლიოში გავლენის ინვესტირების წარმატებული პრაქტიკა წლიდან წლამდე ზრდის ამ მიდგომის მიმართ ინტერესს აღმოსავლეთ ევროპასა და საქართველოში,"- ამბობს ქრისტინე და აღნიშნავს, რომ "განსაკუთრებით ამ ფონზე, ევროინტეგრაციის კურსის შენარჩუნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რაც მეტ ფინანსურ რესურსზე წვდომას მისცემს საქართველოს და ხელს შეუწყობს გავლენის მქონე მეტი ინვესტიციის მოზიდვას. ეს, თავის მხრივ, გააძლიერებს სოციალური გავლენის მქონე ბიზნესებს ჩვენს ქვეყანაში და სექტორის განვითარებასთან ერთად, ხელშესახებ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას."

*სტატია მომზადებულია გავლენის ფონდ "აქციოსთან" თანამშრომლობით, ევროკავშირისა და "პური მსოფლიოსთვის" მხარდაჭერით მიმდინარე პროექტების ფარგლებში, რომლის მიზანია საქართველოში სოციალური მეწარმეობისა და სოციალური ინვესტიციების განვითარება. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გავლენის ფონდი "აქციო" და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს მხარდამჭერთა შეხედულებებს.

ინდუსტრიული ტრენდები

5 გადამწყვეტი სოცმედიაპარამეტრი ბიზნესისთვის

რატომ დამთავრდა ლაიქების ერა?

OSZAR »