რესტორანი "მაკინე" - უნიკალური კერძები და ისტორიული გარემო ქართული ტრადიციების კვალდაკვალ

By ანო ტვილდიანი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

"მაკინე" ქართულ კულინარიულ ისტორიასა და მრავალფეროვან ტრადიციებს აერთიანებს, რაც თანამედროვეობას ჰარმონიულად ერწყმის. ეს არის ქართული და ევროპული სამზარეულოების "ფიუჟენი".

"რესტორნის ადგილმდებარეობიდან დაწყებული, კერძების სერვირებით დასრულებული, ყველა დეტალი ამ სინთეზის დახვეწილად გადმოცემას ემსახურება. ტრადიციული სარესტორნო ფორმატისგან ოდნავ განსხვავებული გარემო შევქმენით, სადაც ძველი თბილისური იერსახე შევინარჩუნეთ და ვცდილობთ, მომხმარებელს ულტრათანამედროვე, ევროპული სტანდარტების შესაბამისი მომსახურება შევთავაზოთ", - მაკა გოგუა, რესტორან "მაკინეს" დამფუძნებელი.

მაკა გვიყვება, რომ "მაკინე" მე-19 საუკუნის ქართველი საზოგადო მოღვაწისა და მწიგნობრობის გამავრცელებელი ქალის, მაკინე ამირეჯიბის, ისტორიას უკავშირდება.

"მაკინე ამირეჯიბის ოჯახი ლიტერატურული სალონი გახლდათ, სადაც მოაზროვნეები, მწერლები და ხელოვანები იკრიბებოდნენ და თავიანთ შემოქმედებას ერთმანეთს აცნობდნენ".

მაკინეს სახლში იკრიბებოდნენ გამოჩენილი სტუმრები, მათ შორის, ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, შიო არაგვისპირელი, გიორგი არადელი-იშხნელი, ვალერიან გუნია, ვასო აბაშიძე, ზაქარია ფალიაშვილი, ვანო სარაჯიშვილი, შალვა დადიანი და სხვა მრავალი ცნობილი ადამიანი.1895 წლის "ივერიის" 27 ივნისის ნომერში ილია ჭავჭავაძე წერდა: "არაფერი კეთილი და სასარგებლო არ გაკეთდება ფრონის ხეობაზე, რომ მხურვალე მონაწილეობა არ მიიღოს კნეინა მაკინემ". როგორც მაკა აღნიშნავს, ამ იდეით მას ისტორიული რეალობის თანამედროვე სამყაროში გაცოცხლება სურდა.

"რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იყო, რადგან ჩვენ გარშემო ძალიან ბევრი რამ ხდება. გარემო, ცხოვრების რიტმი, მსოფლიო იცვლება. თუ სწორ მომენტს დაელოდები, ეს დრო არასდროს მოვა.

როცა სარესტორნო ბიზნესზე ვსაუბრობთ, შესაძლოა მძიმე ფონმა გაფიქრებინოს, ვის სჭირდება ახლა ჩემი გაპრანჭული კერძებიო. თუმცა გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება იმის გაცნობიერება, რომ თუ ოცნება გაქვს, მასზე უნდა ვკონცენტრირდეთ, მიზნად ვაქციოთ და ხორცი შევასხათ".

მაკა მიიჩნევს, რომ ყველა საქმის წამოწყება სერიოზული გამოწვევაა, რაც რისკებს, დიდ შრომასა და სტრესს უკავშირდება, მაგრამ, როცა საქმეს გულისხმიერად ეკიდები და შინაგანად თავისუფალი ხარ, ეჭვებისთვის დრო აღარ გრჩება.

"მე დიდი ხნის ოცნება ავიხდინე, მაგრამ ვისაც საკუთარი ბიზნესსაქმიანობის დაწყება რეალურად სურს, არ არის აუცილებელი, ჩემსავით ბევრი იფიქროს.

ჩემი შთაგონება კულტურისა და ტრადიციების თანამედროვეობასთან შერწყმაა. მჯერა, რომ ამ ტრადიციებში არის ის ხიბლი, რომელიც თავისუფლად შეიძლება თანამედროვეობის ნაწილი გახდეს, მომწონს ამ სინთეზის შექმნა.

რესტორნის ადგილმდებარეობა, შენობის სიძველე და ისტორია ჩემს ჩანაფიქრს ძალიან უხდება. ზუსტად ის ადგილი შეიქმნა, რომელიც საერთო ღირებულებების მქონე ადამიანებს გააერთიანებს და მათი თავშეყრის ადგილად იქცევა, სადაც თითოეული სტუმარი თავს კომფორტულად იგრძნობს".

"მაკინე" სტუმრებს ქართული მუსიკის საღამოებით გაუმასპინძლდება. რესტორანი გთავაზობთ სივრცეს, სადაც პრეზენტაციების, ლიტერატურული საღამოების, გამოფენების მოწყობა შეგიძლიათ.

"ამ ულამაზეს, ისტორიულ ადგილს ახალ სიცოცხლეს შევძენთ. რაც მთავარია, გვაქვს უგემრიელესი და ვიზუალურად სრულყოფილი კერძები. მენიუს შედგენასა და განახლებაში გიორგი სარაჯიშვილი გვეხმარება.

უამრავი კმაყოფილი სტუმარი გვყავს და ისინი გულწრფელად აღნიშნავენ, რომ ჩვენი კერძები უნიკალურია, ბევრმა მათგანმა მათ ხელოვნების ნიმუშიც უწოდა. ჩვენი გუნდი ქართული სტუმარმასპინძლობის ტრადიციას აგრძელებს".

ინსპირაცია

100 ბიზნესი, რომლის დაწყებასაც $100-ზე ნაკლებად შეძლებთ

მართალია, ბიზნესის დაწყება ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული, მაგრამ ფინანსები ყოველთვის არ არის ერთ-ერთი მათგანი

OSZAR »