ხედვა, რომელიც შედეგს იძლევა: ნინა ჭიღლაძე და KA Group-ის სასტუმროს მენეჯმენტის ინოვაციური მოდელი

Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.

You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.

კულუარებიდან პროცესის სათავეში – ასე შეიძლება დავახასიათოთ ნინა ჭიღლაძის როლი სტუმარმასპინძლობის სექტორში. ის არის სასტუმრო მენეჯმენტის კომპანია KA Group-ის თანადამფუძნებელი – ორგანიზაციისა, რომელმაც მიზნად დაისახა ინდუსტრიაში არსებული სისტემური პრობლემების გადაჭრა და სასტუმროების ოპერირების სრულიად ახალი სტანდარტის დანერგვა.

KA Group-ი მართავს სხვადასხვა სასტუმროს თბილისში, რეგიონებში და უკვე ერევანშიც – 2025 წლიდან კომპანიამ პორტფოლიოს სომხეთში სამი ობიექტი დაუმატა. მთავარი ფოკუსი შემოსავლების აუთსორს მენეჯმენტია - ეს კი სრულიად ახალი პრაქტიკაა ქართული ბაზრისთვის და, შესაბამისად, ნაკლებად ათვისებულიც.

"პირველი, რაც გვინდოდა გამოგვესწორებინა, იყო გაყიდვების ძლიერი, მრავალმხრივი გუნდის ნაკლებობა", – გვიზიარებს ნინა. ეს გუნდი დღეს უკვე მუშაობს ტურისტულ, სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო არხებზე.

გარდა ამისა, კომპანიამ სასტუმროების მარკეტინგული პოზიციონირების მიმართულებითაც შექმნა სტანდარტი, რომელიც პარტნიორი სასტუმროს ხასიათსა და ბაზარზე მოთხოვნას შეესაბამება.

მაგრამ, როგორც ნინა ამბობს, ბიზნესისთვის გადამწყვეტი მაინც სწორი ფინანსური მოლოდინის ფორმირებაა – ბაზრის ანალიზსა და გამოცდილებაზე დაფუძნებული პროგნოზები, რომლებიც 90%-იან სიზუსტეს აღწევს.

"ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა, რაც ბაზარზე დგას, არის კვალიფიციური ადამიანური რესურსის ნაკლებობა", – ამბობს ნინა.

კომპანია ამ გამოწვევას განსხვავებული მიდგომით პასუხობს: პარტნიორი სასტუმროების გუნდში ადამიანური რესურსის ეფექტურად ინტეგრირებული KA Group-ის პროფესიონალებით.

"ჩვენი გუნდი ხდება მათი გუნდი", – ასე მოკლედ აღწერს ნინა იმ სისტემას, რომელიც პარტნიორებთან თანამშრომლობას მარტივს, ორგანიზებულს და ხარისხიანს ხდის.

ბიზნესის დაწყება ყოველთვის გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული, მითუმეტეს, ისეთ სექტორში, როგორიც სასტუმრო ინდუსტრიაა.

"როდესაც ეს გადაწყვეტილება მივიღეთ, აქტუალური იყო როგორც ფინანსური, ისე პროფესიული რისკები. თუმცა თანადამფუძნებლებს ამ გადაწყვეტილების მიღებაში დაგვეხმარა იდეა, რომელსაც ვენდეთ, რომელიც მოგვწონდა და მივიჩნიეთ, რომ იმსახურებდა განხორციელებას. ასევე იმუშავა ჰოსფითალითი ბიზნესში მიღებულმა გამოცდილებამაც ინდივიდუალურ კარიერაში. კარგად ვიცნობდით პრობლემას, რომელიც ჩვენს მთავარ სამიზნე აუდიტორიას, სასტუმროების მფლობელებს ჰქონდათ. შევიკრიბეთ ტურიზმის სხვადასხვა სფეროში გამოცდილი და ენთუზიაზმით სავსე გუნდი, რომელიც დღემდე ავითარებს პერსონალურ შესაძლებლობებს, შემდეგ კი - ერთიანად კომპანიას", – გვიყვება ნინა.

კომპანიის ყველაზე დიდ გამოწვევას კი სამუშაო კონცეფციის სწორი აღქმა წარმოადგენდა.

"პოზიციონირების საწყის ეტაპზე ხშირად გვიწევდა ახსნა, რას ვაკეთებთ, რატომ არის მნიშვნელოვანი, და როგორ ვმუშაობთ. როგორც სასტუმროების მფლობელებისთვის, აგრეთვე დამჯავშნელებისთვის, ჩვენი მიდგომა უცხო იყო", – იხსენებს ნინა.

თუმცა წარმატებულმა ქეისებმა, სტაბილურმა შედეგებმა და თანმიმდევრულობამ ბაზარზე კომპანიის მიმართ ნდობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

ნინას აზრით, დამოუკიდებელ ბიზნესში პასუხისმგებლობა ორმაგდება – როგორც გუნდის წევრების, ისე პარტნიორი კომპანიების წინაშე.

მთავარ რჩევად კი დასაწყისისთვის განსაზღვრული, მკაფიო მისიის ქონას ასახელებს:
"უნდა გქონდეს უნიკალური მახასიათებელი, რაც გამოგარჩევს. და აუცილებლად უნდა იცოდე – ვინ ხარ, რას ემსახურები და სად გინდა იყო ხვალ".

მისთვის ანტრეპრენერი არის იდეალისტი, რომელსაც შეუძლია შექმნას ახალი ფასეულობა ბაზარზე. არა უბრალოდ ბიზნესმენი, არამედ ის, ვინც ხედავს ტრანსფორმაციის პოტენციალს იქ, სადაც სხვები მხოლოდ ჩვეულებრივ დინებას ამჩნევენ.

"ჩვენს საქმეს მთლიანად ინტელექტუალური რესურსი უდევს საფუძვლად. ამიტომ გუნდის ფორმირება კრიტიკულად მნიშვნელოვანია", – აღნიშნავს ნინა. სწორედ აქ ხედავს საკუთარ მოტივაციას – სწორად შერჩეულ ადამიანებთან ერთად მუდმივი ზრდისა და განვითარების პროცესში.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას გააჩნია როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი სტრატეგია, ამ ეტაპზე მთავარი პრიორიტეტია მიმდინარე პარტნიორ სასტუმროებთან მუშაობის წარმატებით წარმართვა მარკეტინგის, გაყიდვებისა და შემოსავლების მიმართულებით.

"ასევე, ვგეგმავთ ახალი რეგიონის დამატებას პორტფელში. გვსურს, უფრო მოცულობითი და საინტერესო შეთავაზებებით გავაგრძელოთ კომუნიკაცია როგორც მომხმარებლებთან, ისე სასტუმროებთან", – ამბობს ნინა Entrepreneur-თან საუბრისას.

ინდუსტრიული ტრენდები

Maven - თქვენი ბიზნესის ფინანსური კომპასი

ფინანსური სერვისების აუთსორსინგული საკონსულტაციო მომსახურების კომპანია, სადაც აკადემიური ცოდნა და პროფესიული გამოცდილება თითოეულ თანამშრომელშია თავმოყრილი

OSZAR »