DGN Consulting - წარმატების სტრატეგია მოქმედებაში იდეიდან შედეგამდე
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
ბიზნესის წარმატება წარმოუდგენელ რიტმში მუშაობის გამოწვევაა, როდესაც თამაშის წესები მუდმივად იცვლება, ადაპტაციისთვის დრო კი არასდროს არის საკმარისი. ბიზნესლიდერობა,, ანალიტიკურ და ემპირიულ ფაქტებზე დაყრდნობით სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარია. ბაზარზე სწორედ ამ ნიშის დასაკავებლად შეიქმნა DGN Consulting. ის არ არის საკონსულტაციო კომპანია სტანდარტული სერვისებით. ის არის ბიზნესის პარტნიორი, რომელიც მას დინამიკურ განვითარებაში, რისკების იდენტიფიცირებასა და მართვაში ეხმარება.
DGN Consulting-ში ყოველი კლიენტი განიხილება როგორც დამოუკიდებელი სუბიექტი თავისი მიზნებით, გამოწვევებითა და პოტენციალით. DGN-ის გავლენას კლიენტის წარმატებაზე ინდივიდუალური მიდგომა, ინტეგრირებული სერვისები და გუნდის მაღალი კვალიფიკაცია განაპირობებს.
კომპანიის მთავარ კონკურენტულ უპირატესობას პროფესიონალთა გუნდი ქმნის. შესაბამისად, Entrepreneur-ი კომპანიის მმართველ პარტნიორს, შორენა იმესაშვილს, საგადასახადო და იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელ ანა ლობჟანიძეს და DGN-ის გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრს, ლალიკო მამულაშვილს ესაუბრა.
შორენა იმესაშვილი პროფესიონალი საგადასახადო სფეროს ექსპერტია, მუშაობის 19-წლიანი გამოცდილებით. ის DGN Consulting-ს მმართველი პარტნიორის სტატუსით 2022 წელს შეუერთდა. მანამდე მრავალი წელი საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში (BDO და PKF) მუშაობდა. იქ მიღებულ გამოცდილებასა და ცოდნას შორენა დღეს DGN Consulting-ში იყენებს. ის კომპანიების საგადასახადო დაგეგმვასა და საგადასახადო დავების მართვაშია სპეციალიზებული და მრავალმხრივი გამოცდილება აქვს სხვადასხვა სექტორში, მათ შორისაა: IT სეგმენტი, საბითუმო ვაჭრობა და უძრავი ქონება, ფარმაცევტული და ჯანდაცვის სფერო. შორენა მიიჩნევს, რომ ფინანსების მართვა მხოლოდ აუცილებლობა არ არის – ეს წარმატების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. მისი ხელმძღვანელობით DGN Consulting-ი აქტიურად ვითარდება.
ანა ლობჟანიძე პროფესიონალი საგადასახადო ექსპერტია ტრანსფერფრაისინგის, ორმაგი გადასახადის თავიდან აცილების, OECD-ის რეგულაციების, საგადასახადო აუდიტის, საერთაშორისო საგადასახადო დაგეგმვისა და საერთაშორისო დავების სპეციალიზაციით. ანა LLM და MBA მაგისტრის ხარისხის მფლობელი და საერთაშორისო სამართლის დოქტორანტია. ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის და ACCA-ის წევრია. ანა ლობჟანიძეს საქართველოს შემოსავლების სამსახურსა და საერთაშორისო აუდიტორულ კომპანიებში მუშაობის გამოცდილება აქვს. მისი სამუშაო გამოცდილება საგადასახადო სამართალში 10 წელზე მეტს ითვლის.
DGN Consulting-ის გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრია 22 წლის ლალიკო მამულაშვილი. ის კომპანიაში უკვე ორი წელია მუშაობს. კარიერა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე სწავლის პარალელურად დაიწყო. მიღებული აკადემიური ცოდნა ლალიკომ წარმატებით გამოიყენა პრაქტიკაში და სხვადასხვა საგადასახადო ამოცანაზე მუშაობით მნიშვნელოვანი პროფესიული გამოცდილება დააგროვა. DGN Consulting-ში ლალიკო ბუღალტრული და საგადასახადო პროექტების შესრულებაშია ჩართული. ამბობს, რომ DGN უბრალოდ სამსახური არ არის – ეს არის სივრცე, სადაც მის იდეებს უსმენენ.
დღეს სწორედ ამ სამი ლიდერი ქალის ბიზნეს ისტორიას წარმოგიდგენთ.
შორენა იმესაშვილის თქმით, DGN Consulting შვიდი წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს, თუმცა საკონსულტაციო ბიზნესში აქტიურად 2022 წლიდან ჩაერთო:
"DGN-ის გუნდის წევრებს ამ სფეროში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს. რაღაც ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ მომხმარებლისთვის თვისებრივად ახალი საკონსულტაციო მომსახურება შეგვეთავაზებინა და გავერთიანებულიყავით DGN Consulting-ში. ასე დაარსდა ქართული საკონსულტაციო კომპანია საერთაშორისო გამოცდილებით. ჩვენ დავინახეთ მზარდი მოთხოვნა არა უბრალოდ საკონსულტაციო მომსახურებაზე, არამედ პარტნიორულ ურთიერთობებზე, რაც რეალურად ეხმარება ბიზნესს განვითარებასა და სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში."
საქართველოს ბაზარზე ბიზნესი ხშირად იძულებულია, ცალ-ცალკე მოძებნოს ბუღალტერი, იურიდიული და საგადასახადო სერვისების პროვაიდერები. DGN Consulting-ის გუნდი კლიენტებს კომპლექსურ მომსახურებას სთავაზობს. ეს პროცესი მაღალი პროფესიონალიზმით, კოორდინირებულად იმართება, რაც ზოგავს კლიენტების დროსა და ფინანსებს.
"სწორედ ამ კონცეფციაზე ავაგეთ DGN Consulting –ი – სივრცე, სადაც კლიენტი იღებს ინდივიდუალურად მასზე მორგებულ სერვისს. ჩვენ ვართ არა მხოლოდ კონსულტანტები, არამედ პარტნიორები, რომლებიც ვიზიარებთ კლიენტის მიზნებს და ბიზნესის ზრდის პროცესში ვართ ჩართულნი," – აცხადებს შორენა იმესაშვილი.
როგორც ანა ლობჟანიძე აღნიშნავს, DGN Consulting-ი არის ადგილი, სადაც კლიენტის ყველა პრობლემა ჯერ სისტემურ ამოცანად და შემდეგ სწორ გადაწყვეტილებად გარდაიქმნება.
"ჩვენი მიზანია, კომპანიებს დავეხმაროთ არა მხოლოდ რისკების მინიმიზაციაში, არამედ მათი მართვის სწორი სტრატეგიის შემუშავებაში. უნივერსიტეტში სამართლის სწავლისას აღმოვაჩინე, რომ საგადასახადო სფერო ის ადგილია, სადაც იკვეთება სამართალი, ფინანსები და ანალიტიკა – ეს ჩემთვის იყო იდეალური სინთეზი. წლების განმავლობაში ვცდილობდი ამ დისციპლინების ინტეგრაციას, რათა ბიზნესის კომპლექსური ხედვა მქონოდა. დღეს ვხედავ არა მხოლოდ ციფრებსა და კანონებს, არამედ იმ კონტექსტს, რომელშიც კომპანია ოპერირებს. ვეხმარები მენეჯმენტს რთულად აღმოსაჩენი რისკების იდენტიფიცირებასა და სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში," – ანა ლობჟანიძე.
ანას თქმით, DGN Consulting-ი არ არის მხოლოდ საგადასახადო ან იურიდიული კომპანია – ის ბიზნესის სტრატეგიული პარტნიორია. გუნდის წევრები ბიზნესს ეხმარებიან არა მხოლოდ რეგულაციების დანერგვაში, არამედ ამ რეგულაციების სწორ ინტერპრეტაციასა და გამოყენებაში.
"ვცდილობთ, ბიზნესის საჭიროებები კომპლექსურად დავინახოთ – იურიდიული რისკი შეიძლება იქცეს ბუღალტრულ გამოწვევად, ხოლო ფინანსური ცვლილება – საგადასახადო შესაძლებლობად. ვმუშაობთ ისე, რომ არცერთი რისკი არ დარჩეს ყურადღების მიღმა და თითოეულ სეგმენტში დავინახოთ ბიზნესისთვის სასარგებლო გზავნილი," – განმარტავს Entrepreneur-თან ინტერვიუში ანა ლობჟანიძე.
DGN Consulting-ის ბრენდი გულისხმობს ხარისხზე ორიენტირებულ მიდგომას. ბაზარზე გამოჩენისთანავე კომპანიამ მკაფიოდ განსაზღვრა საკუთარი პრიორიტეტი: შექმნას სერვისების ეკოსისტემა, რომელიც არა მხოლოდ პასუხობს კლიენტების კონკრეტულ საჭიროებებს, არამედ აჩენს ახალ შესაძლებლობებს მათი ბიზნესის განვითარებისთვის. თავდაპირველად კომპანიის ძირითადი მიმართულება საგადასახადო და ბუღალტრული მომსახურება იყო, თუმცა მალევე აშკარა გახდა, რომ ბაზარი მზად იყო უფრო მასშტაბური მოთამაშისთვის. მომხმარებლებს სჭირდებოდათ პარტნიორი, რომელიც შეძლებდა კომპლექსურ მხარდაჭერას იურიდიული კონსულტაციით, ფინანსური ანალიზით, რისკების მართვითა და ბიზნესის განვითარების სტრატეგიებით. სწორედ ამ მოთხოვნის პასუხად DGN Consulting-მა გააფართოვა გუნდი და სერვისების სპექტრი. დღეს ის უკვე უზრუნველყოფს მრავალფეროვან, კომპლექსურ მომსახურებას როგორც სტარტაპებისთვის, ასევე მსხვილი კომპანიებისათვის.
"არ გვაშინებს სირთულეები – პირიქით, ყველაზე რთულ პროცესებში გვიჩვენებია ჩვენი შესაძლებლობები. მყარი რეპუტაციის შექმნაში ისიც გვეხმარება, რომ კლიენტების შერჩევისას მკაცრი ფილტრი გვაქვს. კატეგორიულად ვერიდებით არასაიმედო კომპანიებთან თანამშრომლობას," – ამბობს შორენა იმესაშვილი.
DGN Consulting-ი კლიენტებს სთავაზობს მომსახურების ფართო სპექტრს საგადასახადო, ბუღალტრული და ბიზნესკონსულტაციის მიმართულებებით. კომპანიის პროფესიული რისკი, ბუნებრივია, დაზღვეულია, რაც კლიენტებს დამატებით კომფორტს უქმნის.
კომპანიის მომსახურება მოიცავს:
საგადასახადო კონსულტაცია:
● საგადასახადო რისკების იდენტიფიცირება და ოპტიმიზაცია
● საგადასახადო აუდიტი და მიმოხილვა
● საგადასახადო დაგეგმვა
● სატრანსფერო ფასწარმოქმნის დოკუმენტაციის მომზადება
● საგადასახადო დავებზე წარმომადგენლობა
ბუღალტრული მომსახურება:
● ყოველთვიური საბუღალტრო აღრიცხვა
● საბუღალტრო ბაზის აღდგენა
● საგადასახადო დეკლარაციებისა და ანგარიშების მომზადება
● ფინანსური ანგარიშგების მომზადება
● ფეიროლ სერვისი და მასთან დაკავშირებული საგადასახადო ვალდებულებების გაანგარიშება და დეკლარირება
● Custom Financial Report
ბიზნესკონსულტაცია და სტრატეგიული დაგეგმვა:
● ბიზნესპროცესების ანალიზი და ოპტიმიზაცია
● ბაზარზე შესვლის სტრატეგიის შემუშავება
● ფინანსური დაგეგმვა და საინვესტიციო პროექტების ანალიზი
● აუდიტორული შემოწმების პროცესში კომპანიის მხარდაჭერა
სწორედ მრავალპროფილური სერვისები უზრუნველყოფს გრძელვადიან პარტნიორობას სხვადასხვა სექტორის მსხვილ კომპანიებთან. ამ ნდობას საფუძვლად უდევს გამოცდილება, სიღრმისეული ცოდნა და რეალური შედეგები, რაც ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ყურადღება საკუთარი ზრდისა და განვითარებისაკენ მიმართოს, დანარჩენი კი DGN Consulting-ის გუნდს მიანდოს.
"DGN Consulting-ში ჩვენი ამოცანაა, თითოეულ კლიენტს შევუქმნათ კომფორტის განცდა, რომ მათი სამართლებრივი, ფინანსური და საგადასახადო რისკები დაცულია. ყოველი კორპორაციული სტრუქტურა, ყოველი გარიგება ჩვენთვის არის გამოწვევა, რომელსაც ვაანალიზებთ სამართლებრივ და ფინანსურ ჭრილში," – გვეუბნება ანა ლობჟანიძე.
ბოლო სამი წლის განმავლობაში DGN Consulting-ი მნიშვნელოვნად გაიზარდა. Entrepreneur-ის კითხვაზე, თუ რა იყო ამ ზრდის ძირითადი წინაპირობა, შორენა იმესაშვილი გვპასუხობს:
"ეს ზრდა ასოცირდება რამდენიმე კონკრეტულ ფაქტორთან. უპირველესად, კომპანიის კლიენტებზე ორიენტირებული მიდგომა მნიშვნელოვნად დაგვეხმარა სტაბილური კლიენტების ბაზის შექმნასა და მომსახურების გაუმჯობესებაში. გარდა ამისა, DGN Consulting-მა გააძლიერა ტექნოლოგიური ბაზა, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა პროცესების ავტომატიზაცია. ეს საშუალებას გვაძლევს, სერვისები უფრო სწრაფად და ეფექტიანად მივაწოდოთ კლიენტებს. გუნდის ამბიციურობამ განაპირობა სერვისების ხარისხის ზრდა, მიწოდებული მომსახურების ინოვაციურობამ კი ხელი შეუწყო ახალი კლიენტების მოზიდვას."
კომპანიის ზრდის პარალელურად, პროფესიონალების მოზიდვა და შენარჩუნება DGN Consulting-ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. კომპანიის წარმატება უშუალოდ დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, ვინც ყოველდღიურად ქმნის ხარისხიან სერვისს.
"DGN Consulting-ში ვქმნით პროფესიონალების უწყვეტი განვითარების შესაძლებლობას – კომპანია ატარებს სხვადასხვა ტრენინგს, კვალიფიკაციის ამაღლების კურსს, რაც თანაბრად უწყობს ხელს როგორც ინდივიდუალურ, ისე საერთო გუნდურ განვითარებას," – აღნიშნავს შორენა იმესაშვილი. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თანამშრომელი არა მხოლოდ ტექნიკური ცოდნით და გამოცდილებით გამოირჩეოდეს, არამედ იყოს მზად მუდმივი განვითარებისთვის და დაეხმაროს გუნდს საერთო მიზნების მიღწევაში.
როგორც გუნდის ყველაზე ახალგაზრდა წევრი, ლალიკო მამულაშვილი ამბობს, DGN Consulting-ში ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობაა და წინსვლის, განვითარებისთვის საუკეთესო გარემოა. სწორედ ეს აქცევს აქ მუშაობას განსაკუთრებულ გამოცდილებად.
"თავიდან ცოტა შიშით მივედი – მენდობიან? შევძლებ? აქ პირდაპირ მითხრეს – ჩვენთან სწავლის და პროფესიული ზრდის საშუალება მოგეცემა, შეცდომებისგან კი ჩვენ დაგაზღვევთ. ამიტომ ჩემთვის DGN არ არის სტანდარტული სამსახური – აქ არ გთხოვენ მოჩვენებით იდეალურობას, არ გსვამენ მოსაწყენ საოფისე ჩარჩოებში, ასაკის გამო არ გეუბნებიან, რომ რამე არ იმუშავებს. ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია იმ სივრცის პოვნა, სადაც შენ გისმენენ – ჩემთვის ეს სივრცე სწორედ DGN Consulting-ი არის. აქ მაქვს შესაძლებლობა, ვიმუშაო რეალურ ბიზნესპროექტებზე. პარალელურად ვსწავლობ უნივერსიტეტში და გავდივარ სხვადასხვა საერთაშორისო პროფესიულ კურსს."
"DGN-ი სივრცეა, რომელიც არა მხოლოდ სერვისის პროვაიდერია, არამედ კომპანიის მუდმივი თანამგზავრი ბიზნესის ზრდის გზაზე. გვინდა ამ სივრცეში ვიყოთ სანდო ლიდერები და კომპანიებს, რომლებმაც ნდობა გამოგვიცხადეს მივცეთ წარმატების ყველა ბერკეტი არა მხოლოდ ლოკალურ, არამედ გლობალურ ბაზარზე ოპერირებისას," – ამბობს Entrepreneur-თან საუბრისას ანა ლობჟანიძე.
ბიზნესის სამყაროში ქალი ლიდერებისთვის გზის გაკვლევა გამოწვევებით სავსეა. თუმცა DGN Consulting-ის მაგალითი ცხადყოფს, რომ სტერეოტიპები ინგრევა. DGN-ის ქალი ლიდერები აერთიანებენ ცოდნას, სტრატეგიულ ხედვასა და გამბედაობას. ამ ქალებისთვის დაბრკოლება არა ბარიერი, არამედ ახალი შესაძლებლობაა. პროფესიული კომპეტენცია საქმიან ურთიერთობებში ყველა სტერეოტიპს ამარცხებს.