ანტრეპრენერი ქალის როლი წარმატებაში - სოფო გველესიანის ENGLISH 4 IT-ის ისტორია
Opinions expressed by Entrepreneur contributors are their own.
You're reading Entrepreneur Georgia, an international franchise of Entrepreneur Media.
სოფო გველესიანი, ENGLISH 4 IT-ის დამფუძნებელი, ერთ-ერთი იმ ადამიანთაგანია, ვინც შაბლონების გარღვევა გაბედა. მიუხედავად იმისა, რომ ჰუმანიტარული განათლება ჰქონდა, ის ტექნოლოგიების სამყაროში შევიდა და დღეს უკვე ახალ სტანდარტს ქმნის პროფესიული ენის სწავლების მიმართულებით.
მისი ისტორია ცხადად აჩვენებს, როგორ შეიძლება საკუთარი უნიკალურობის წარმატების მთავარ ინსტრუმენტად გადაქცევა. ENGLISH 4 IT პროფესიული ინგლისურის ცოდნის დეფიციტის პრობლემის მოსაგვარებლად შეიქმნა - ეს არის გამოწვევა, რომელსაც ქართველი IT სპეციალისტები ხშირად აწყდებიან კარიერულ წინსვლაში.
საიდან წამოვიდა კომპანიის დაფუძნების იდეა, რა წინაღობები შეხვდა გზაზე ქალ ანტრეპრენერს და როგორია ENGLISH 4 IT-ის სამომავლო გეგმები - ამ ყველაფერზე Entrepreneur-ი სოფო გველესიან ესაუბრა:
რა კონკრეტული პრობლემის გადაჭრას ემსახურება თქვენი ბიზნესი? როგორ გაჩნდა იდეა და რა ახალი გამოცდილების შემოტანა გსურდათ ბაზარზე?
ENGLISH 4 IT ემსახურება ქართველი IT სპეციალისტების ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემას - პროფესიული ინგლისური ენის ფლობის დეფიციტს, რაც ხშირად ხდება მათი კარიერული ზრდის შემაფერხებელი ფაქტორი.
იდეა გაჩნდა ჩემი პირადი გამოცდილებიდან. როგორც ინგლისური ფილოლოგიის განათლების მქონე ადამიანი, რომელიც IT სფეროში გადავიდა, აღმოვაჩინე, რომ ინგლისურის ცოდნა მნიშვნელოვანი უპირატესობა იყო ტექნიკური დოკუმენტაციის გააზრებისას. თუმცა მალე შევნიშნე სხვა პრობლემაც - ქართულ გარემოში პროფესიული კომუნიკაცია გამიჭირდა, რადგან ტექნიკურ საკითხებზე მხოლოდ ინგლისურად ვფიქრობდი.
ბაზარზე შევიტანე უნიკალური გამოცდილება - პროგრამა, რომელიც არის არა მხოლოდ ტექნიკური ინგლისურის კურსი, არამედ ორენოვანი პროფესიული აზროვნების განვითარების პლატფორმა. ეს არის სინთეზი ჩემი ორი მთავარი გამოცდილებისა - ენების სწავლებისა და IT სფეროში პრაქტიკული მუშაობის (QA ინჟინერიისა და პროგრამირების).
ფიქრობთ თუ არა, რომ თქვენ მიერ ბიზნესის დაწყება კონკრეტულ დროსა და ვითარებაში მოითხოვდა გაბედულებას, სიმამაცეს, რაც იმ დროს მხოლოდ თქვენ/ბიზნესის დამფუძნებლებს აღმოგაჩნდათ?
დიახ, ნამდვილად მოითხოვდა გაბედულებას. პირველ რიგში, ეს იყო რადიკალური პროფესიული ცვლილება - ჰუმანიტარული განათლებიდან ტექნიკურ სფეროში გადასვლა, რაც საქართველოში ჯერ კიდევ არ არის ფართოდ მიღებული გზა. მეორე მხრივ, IT განათლების ბაზარზე შესვლა ჰუმანიტარული წარსულით საკმაოდ სარისკო ნაბიჯი იყო.
ბევრი ჩემ ირგვლივ მეუბნებოდა, რომ IT სფეროში სწავლება მხოლოდ გამოცდილ პროგრამისტებს შეუძლიათ. მე კი მჯეროდა, რომ ჩემი უნიკალური კომბინაცია - ენის სწავლების მეთოდოლოგია და IT პრაქტიკა - იძლეოდა ახალ პერსპექტივას.
გაბედულება ასევე დამჭირდა დამკვიდრებული საგანმანათლებლო მიდგომების ხელახლა გააზრებისთვის. ნაცვლად ტრადიციული ენის კურსებისა, შევქმენი პროგრამა, რომელიც ინტეგრირებულია რეალურ IT პროექტებსა და პრაქტიკასთან.
რა იყო ყველაზე დიდი გამოწვევა, წინააღმდეგობა, რომელიც თავიდან გადაუჭრელი გეჩვენებოდათ, მაგრამ მაინც შეძელით გამკლავება?
ყველაზე დიდი გამოწვევა იყო ნდობის მოპოვება IT საზოგადოებაში. როგორც ჰუმანიტარული განათლების მქონე ადამიანს, ხშირად მიწევდა იმის დამტკიცება, რომ მქონდა საკმარისი ტექნიკური ცოდნა და კომპეტენცია IT სპეციალისტების სწავლებისთვის.
ბევრს ჰქონდა სკეპტიკური დამოკიდებულება - როგორ შეიძლება ფილოლოგმა IT სფეროში რაიმე ასწავლოს? ეს გამოწვევა დავძლიე ორი გზით: პირველი, დაუღალავად ვმუშაობდი საკუთარი ტექნიკური კომპეტენციების განვითარებაზე - ავიღე ონლაინსერტიფიკატები QA ინჟინერიაში, პროგრამირებაში, ვებდეველოპმენტში და დავიწყე აქტიური მუშაობა IT პროექტებზე. მეორე, შევქმენი პილოტური პროგრამა და გავუზიარე უფასოდ რამდენიმე პოტენციურ სტუდენტს, რათა შედეგი დაენახათ.
პროფესიული მიზანდასახულობითა და თანმიმდევრული ქმედებებით შევძელი დაგვეძლია ეს წინააღმდეგობები.
მოგიწიათ თუ არა გენდერულ სტერეოტიპებთან გამკლავებამ თქვენს პროფესიულ საქმიანობაში?
ნამდვილად. IT სფერო საქართველოში, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში, ჯერ კიდევ მამაკაცებით დომინირებული დარგია. როცა შევდიოდი ამ სფეროში, როგორც QA ინჟინერი და შემდგომ პროგრამისტი, ხშირად მიწევდა დამემტკიცებინა, რომ ჩემი ცოდნა და უნარები საკმარისი იყო, მიუხედავად ჩემი გენდერისა და ჰუმანიტარული წარსულისა.
ENGLISH 4 IT-ის კონტექსტში სტერეოტიპები უფრო კომპლექსური იყო. ზოგჯერ IT სპეციალისტები (განსაკუთრებით მამაკაცები) ეჭვის თვალით უყურებდნენ, რამდენად შეძლებდა ქალი მათი ტექნიკური საჭიროებების გაგებას. ზოგჯერ კი პირიქით - რადგან ინგლისურის მასწავლებელი ვიყავი, ვერ აღიქვამდნენ, რომ ტექნიკური ცოდნა მქონდა.
ამ სტერეოტიპების დასაძლევად ვეყრდნობოდი არა სიტყვებს, არამედ კონკრეტულ შედეგებს. ჩემი ტექნიკური ცოდნა და უნარები ვაჩვენე პრაქტიკული პროექტებითა და
სერტიფიკატებით. ასევე, მნიშვნელოვანი იყო ჩემი მეუღლის მხარდაჭერა, რომელიც, როგორც IT სფეროს წარმომადგენელი, საჯაროდ აღიარებდა ჩემს კომპეტენციას.
რა გასწავლათ დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ და თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა რჩევას მისცემდით დამწყებ ანტრეპრენერებს/ტოპმენეჯერებს?
დამოუკიდებელმა ბიზნესსაქმიანობამ ბევრი რამ მასწავლა, მათ შორის:
1. ადაპტაციის მნიშვნელობა - თავდაპირველი იდეა იშვიათად რჩება უცვლელი. აუცილებლად მოგიწევთ ბაზარზე არსებული რეალური საჭიროებების მიხედვით მისი შეცვლა და დახვეწა.
2. მოთმინება და მდგრადობა - წარმატება იშვიათად მოდის ერთ ღამეში. განსაკუთრებით განათლების სფეროში, სადაც შედეგები არ ჩანს მყისიერად.
3. ავთენტურობის ძალა - საბოლოოდ ადამიანები აფასებენ ჭეშმარიტ ექსპერტიზას და გამოცდილებას. ჩემი უნიკალური გამოცდილება (ორი სფეროს გადაკვეთა) გახდა ჩემი მთავარი კონკურენტული უპირატესობა.
დამწყებ ანტრეპრენერებს ვურჩევდი:
1. იპოვეთ თქვენი უნიკალური ხმა - ნუ ეცდებით, უბრალოდ, არსებული ბიზნესების კოპირებას. იფიქრეთ, რა გაქვთ განსხვავებული - თქვენი უნიკალური გამოცდილება, პერსპექტივა ან უნარების კომბინაცია.
2. დაიწყეთ მცირედით, მაგრამ იფიქრეთ მასშტაბურად - არ არის აუცილებელი, პირველ დღესვე გქონდეთ სრულყოფილი პროდუქტი. დაიწყეთ მინიმალური სიცოცხლისუნარიანი პროდუქტით, მაგრამ ყოველთვის გქონდეთ ხედვა, როგორ გინდათ მისი განვითარება.
3. მოუსმინეთ მომხმარებლებს, მაგრამ ნუ დაკარგავთ საკუთარ ხედვას - მნიშვნელოვანია ბალანსი უკუკავშირსა და თქვენს ძირითად იდეას შორის. ყველა რჩევა არ არის გასათვალისწინებელი.
4. ინვესტიცია ჩადეთ ურთიერთობებში - ბიზნესი საბოლოოდ ადამიანებზეა. ძლიერი პროფესიული ქსელი და კარგი ურთიერთობები მომხმარებლებთან ხშირად ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც თქვენი პროდუქტი.
თქვენი აზრით, ვინ არის ანტრეპრენერი?
ჩემი აზრით, ანტრეპრენერი არის ადამიანი, რომელიც ხედავს პრობლემას ან საჭიროებას და ქმნის ინოვაციურ გზას მის გადასაჭრელად, თანაც ისეთ გზას, რომელიც ეკონომიკურად მდგრადია. ეს არ არის მხოლოდ ბიზნესის დაწყება - ეს არის ღირებულების შექმნა იქ, სადაც ის ადრე არ არსებობდა.
ანტრეპრენერობა მოითხოვს განსაკუთრებულ თვისებებს: ინტუიციას იმის დასანახად, რა სჭირდება ბაზარს; სიმამაცეს, რომ იმოქმედო ტრადიციული გზების მიღმა; და მოქნილობას, რომ შეეგუო ცვლილებებს.
განსაკუთრებით საქართველოს კონტექსტში, ანტრეპრენერი ხშირად არის ადამიანი, რომელიც ამჩნევს საერთაშორისო გამოცდილებასა და ადგილობრივ რეალობას შორის განსხვავებას და ქმნის ხიდს, რომელიც ქართულ ბაზარს განვითარებაში ეხმარება.
ანტრეპრენერობა არ არის მხოლოდ სამუშაო - ეს არის ცხოვრების წესი, რომელიც გულისხმობს მუდმივ სწავლას, ადაპტაციასა და ინოვაციას.
თქვენ რა გაძლევთ ინსპირაციას საქმიანობაში?
ჩემი ინსპირაციის მთავარი წყარო არის ჩემი სტუდენტების წარმატება. როდესაც ვხედავ, როგორ იღებენ ისინი სამსახურს საერთაშორისო კომპანიებში, როგორ ახერხებენ ინგლისურად ტექნიკური ინტერვიუების წარმატებით გავლას, ან როცა მიზიარებენ, რომ პირველად შეძლეს დოკუმენტაციის გაგება დახმარების გარეშე - ეს მაძლევს უდიდეს მოტივაციას.
ასევე მაინსპირირებს IT სფეროს მუდმივი განვითარება. ეს არის დარგი, სადაც არასოდეს შეგიძლია თქვა, რომ ყველაფერი იცი - ყოველთვის არის ახალი ტექნოლოგიები, ახალი მიდგომები. ეს მუდმივი სწავლის პროცესი ძალიან მამოტივირებს.
დაბოლოს, ინსპირაციას მაძლევს საქართველოს პოტენციალი გლობალურ IT ბაზარზე. მჯერა, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს უნიკალური შესაძლებლობა, გახდეს მნიშვნელოვანი მოთამაშე ამ სფეროში, და მინდა ჩემი წვლილი შევიტანო ამ პოტენციალის რეალიზებაში ქართველი IT სპეციალისტების
კონკურენტუნარიანობის გაზრდით.
როგორია თქვენი განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები?
ENGLISH 4 IT-ის განვითარებისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულება მაქვს:
1. გეოგრაფიული გაფართოება - უკვე დავიწყე სწავლება თბილისის გარდა ქუთაისშიც (ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში). მინდა ეს პროგრამა ხელმისაწვდომი გავხადო არა მხოლოდ საქართველოს სხვა ქალაქებში, მათ შორის მთიან რეგიონებში, არამედ ქვეყნის გარეთაც - ევროპაში, განსაკუთრებით აზიურ ქვეყნებში, სადაც IT სექტორში ინგლისური ენის საჭიროება მაღალია.
2. ონლაინპლატფორმის განვითარება - ვმუშაობ ონლაინსასწავლო პლატფორმაზე, რომელიც საშუალებას მისცემს IT სპეციალისტებს, დისტანციურად ისწავლონ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები სპეციალისტებისთვის.
3. კორპორაციული პროგრამების გაფართოება - მინდა უფრო აქტიურად ვითანამშრომლო IT კომპანიებთან, რათა შევქმნა მათ საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, რომლებიც დაეხმარება მათ თანამშრომლებს პროფესიულ ზრდასა და საერთაშორისო ბაზარზე უკეთეს პოზიციონირებაში.
4. საგანმანათლებლო მასალების განვითარება - ვმუშაობ სპეციალიზებულ სახელმძღვანელოებსა და სასწავლო მასალებზე, რომლებიც კონკრეტულად IT სპეციალისტების ენობრივ საჭიროებებზეა მორგებული.
პირადი განვითარების თვალსაზრისით, ვაგრძელებ ჩემს პროფესიულ ზრდას ორივე მიმართულებით - როგორც პედაგოგიკაში, ასევე IT სფეროში. აქტიურად ვსწავლობ ახალ ტექნოლოგიებს და პროგრამირების ენებს, რათა მუდმივად განახლებული ცოდნა მქონდეს და უკეთ გავიგო ჩემი სტუდენტების საჭიროებები.
გრძელვადიან პერსპექტივაში მიზნად მაქვს ENGLISH 4 IT გავხადო ქართველი IT სპეციალისტების საერთაშორისო კარიერული განვითარების მთავარი პლატფორმად, რომელიც დაეხმარება მათ გლობალურ ბაზარზე წარმატების მიღწევაში.